2.უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან.
.jpg)
ყოველივე ამას სტრესი და ამით გამოწვეული ათასგვარი პრობლემა ერთვის. მრავალი მათგანი, ვინც პირის ღრუში უსიამოვნო სუნს უჩივის, ამაზე საუბარს ექიმთანაც კი ერიდება და საკუთარი ძალებით ცდილობს პრობლემის მოგვარებას, თუმცა ხშირად მხოლოდ გარკვეული ხნით ახერხებს სუნის შენიღბვას. პრობლემის რეალურად მოგვარება შეუძლია გამოცდილ სპეციალისტს, რომელიც ზუსტად დაადგენს სუნის მიზეზს და პაციენტს ადეკვატურ მკურნალობას დაუნიშნავს. უნდა გვახსოვდეს, რომ პირიდან ცუდი სუნის მიზეზი მარტო სტომატოლოგიური პათოლოგიები არ არის და პირის ღრუს სათანადო ჰიგიენით ყოველთვის ვერ მოვახერხებთ მისგან თავის დაღწევას.

სიგარეტი
ბევრ მწეველს აქვს ცუდი სუნი პირში. მართალია, მოწევით განპირობებულ სუნზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი, მაგრამ მათგან მთავარია ნიკოტინი, კუპრი და ცუდი სუნის მქონე სხვა ნივთიერებები, რომლებსაც თამბაქოს კვამლი შეიცავს. ეს ნივთიერებები ილექება კბილებზე და პირის ღრუს რბილ ქსოვილებზე (ღრძილები, ლოყა, ენა). მოწევა პირის ღრუს ქსოვილების სიცოცხლისუნარიანობას აქვეითებს. ამის გამო ნერწყვის მადეზინფიცირებელი მოქმედება მცირდება, ანუ აღარ ხდება პირში არსებული ბაქტერიების “ჩარეცხვა” და მათი ცხოველქმედების პროდუქტების უვნებელყოფა. გარდა ამისა, მწეველებს ხშირად აქვთ ღრძილების პრობლემები, რაც პირიდან ცუდი სუნის კიდევ ერთი მიზეზია.
საკვები
პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება ზოგიერთი საკვებიც იყოს. მაგალითად, ხახვი, ნიორი, თევზი, ყველი. საკვების გადამუშავების შემდეგ ჩვენი ორგანიზმი მის შემადგენელ მოლეკულებს ითვისებს და ისინი სისხლის ნაკადში გადადის. ზოგიერთი ასეთი არასასიამოვნო სუნის მქონე მოლეკულა ხვდება ფილტვებში, საიდანაც ამოდის ამოსუნთქვის დროს, ჰაერთან ერთად. ასე რომ, საკვებთან დაკავშირებული ცუდი სუნი მოდის ფილტვებიდან და არა კუჭიდან, როგორც ეს ბევრს ჰგონია. გარკვეული ხნის შემდეგ, როგორც კი “მყრალი მოლეკულები” დატოვებენ ორგანიზმს, სუნი ქრება. ამის გამოა, რომ შეიძლება ადამიანმა ნივრის ან თევზის მირთმევის შემდეგ კბილები საგულდაგულოდ გამოიხეხოს, მაგრამ არასასიამოვნო სუნის წარმოშობას ხელი მაინც ვერ შეუშალოს. გამოსავალი ერთია - უნდა ერიდოთ ასეთი პროდუქტების მირთმევას შეხვედრის წინ.
ალკოჰოლი
ნაბახუსევზე მართლაც ბევრს ამოსდის პირიდან ცუდი სუნი. ამის ერთ-ერთი მიზეზი სისხლში გადასული ალკოჰოლის მოლეკულებია, რომლებიც ხვდებიან ფილტვებში და იქიდან ამოსუნთქულ ჰაერს ამოჰყვებიან. გარდა ამისა, ალკოჰოლი პირის ღრუს სიმშრალეს იწვევს, რითაც მიკროორგანიზმების აქტიური გამრავლებისთვის კარგ პირობებს ქმნის.
მშრალი პირი და სუნი
მაშინაც კი, როცა აშკარა მიზეზი არ არსებობს, დილით, ახალგაღვიძებულზე, ბევრი ამჩნევს, რომ პირიდან არასასიამოვნო სუნი ამოსდის. ეს განპირობებულია იმით, რომ ძილის დროს ორგანიზმი ნერწყვს მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს და დილით პირი გამომშრალია. ანალოგიურ პრობლემას აწყდებიან იმ პროფესიის ადამიანები, რომელთაც უწევთ დიდხანს, თითქმის შეუჩერებლად ლაპარაკი, რადგან ესეც პირის სიმშრალეს იწვევს. ზოგიერთ ადამიანს აწუხებს პირის ქრონიკული სიმშრალე. ამ დაავადებას ქსეროსტომია ჰქვია და ის ნერწყვის შემცირებით არის განპირობებული. ცუდი სუნის მიზეზი შესაძლოა სწორედ მშრალი პირი გახდეს. აღსანიშნავია, რომ ნერწყვი აუცილებელია და აქტიურად მონაწილეობს პირის ღრუს სანაციასა და იმ ნაწილაკების მოცილებაში, რომლებიც ცუდ სუნს განაპირობებს. ჩვენ გამუდმებით ვყლაპავთ ნერწყვს და ყოველ გადაყლაპვაზე პირიდან ვაძევებთ მილიონობით ბაქტერიას და საკვების ნარჩენებს, რომლებითაც ეს ბაქტერიები იკვებებიან. ალბათ იფიქრებთ, რომ ამ ფუნქციის შესრულება ნებისმიერ სითხეს შეუძლია და მართალიც იქნებით, მაგრამ ნერწყვი, სხვა სითხეებისგან განსხვავებით, შეიცავს განსაკუთრებულ კომპონენტებს, რომლებიც ხოცავს ბაქტერიებს და მათი ცხოველქმედების პროდუქტებს სპობს.